მუხლი 1. მოქმედების სფერო
1. ეს წესი განსაზღვრავს შპს ქართულ-გერმანული სკოლა სხივი – შემდგომში „სკოლა“ მოსწავლეთა შორის არსებული კონფლიქტების მოგვარების ეფექტურ გზას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს მონაწილე მხარეთა ინტერესებს;
2. მოსწავლეთა შორის მედიაციის მარეგულირებელი წესი არის საუკეთესო საშუალება, რათა მოსწავლეთა შორის კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, მოხდეს დროული და ეფექტური რეაგირება და მოსწავლეები, მათი კანონიერი წარმომადგენლების თანხმობით, თავად ჩაერთონ ამ პროცესში.
მუხლი 2. მოსწავლეთა შორის მედიაციის მიზნები და მნიშვნელობა
- მოსწავლეთა შორის მედიაციის მარეგულირებელი წესის მიზანია მოსწავლეებს შორის კონფლიქტის შემთხვევაში ადრეული და ეფექტური ჩარევით, კონფლიქტური სიტუაციის მშვიდობიანი გადაწყვეტა, პროაქტიული რეაგირება და პრევენცია მათი კანონიერი წარმომადგენლების, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე უფლებამოსილი პირებისა და ფსიქოლოგის (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში) ჩართულობით.
- მოსწავლეებს შორის კონფლიქტის გადაჭრის კომპრომისული გზის პოვნა, რომელიც ოპტიმალური იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
- მნიშვნელოვანია, რომ მედიაციის მეშვეობით კონფლიქტის მონაწილე მხარეები თავად მივიდნენ კონფლიქტის მოგვარების გზამდე. სკოლის წარმომადგენლის მიზანი კი მედიაციის პროცესში უნდა იყოს, რომ მან მოსწავლეებს ნათლად აჩვენოს კონფლიქტის გადაწყვეტის სასურველი შედეგები. ამასთან, სკოლის წარმომადგენელმა ფასილიტაცია უნდა გაუწიოს კონსტრუქციულ დიალოგს და საჭიროების შემთხვევში, თავად შესთავაზოს მოსწავლეებს კომპრომისზე დაფუძნებული გამოსავალი.
მუხლი 3. მედიატორის მოვალეობები
1. მოსწავლეთა შორის კონფლიქტის გამოვლენის დროს მედიატორის როლს ასრულებს დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული პირი/პირები, მოსწავლეთა კანონიერი წარმომადგენლების, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე უფლებამოსილი პირებისა და ფსიქოლოგის (საჭიროების შემთხვევაში) ჩართულობით;
2. მედიატორმა უნდა შეძლოს:
2.1 მოსწავლეებს შორის არსებული წინააღმდეგობებისა და კონფლიქტების გაცნობიერება;
2.2 კონფლიქტური სიტუაციების ეფექტიანად მართვა/რეგულირება მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესთა გათვალისწინებით;
2.3 მოსწავლეთა შორის განვითარებული კონფლიქტის შესაძლო შედეგების პროგნოზირება;
2.4 მოსწავლეთა შორის კონფლიქტების შესაძლო ნეგატიური შედეგების თავიდან აცილება.
2.5 მოსწავლეებისათვის კონფლიქტური სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში პოვნაში დახმარება;
2.6 მოსწავლეებს შორის კონსტრუქციული დიალოგის გამართვა;
2.7 მოსწავლეების კანონიერი წარმომადგენლებისა და სკოლის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მედიაციის პროცესში ჩართვა.
3. მედიატორი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობა და იყოს მიუკერძოებელი;
4. მედიატორი ვალდებულია შექმნას ისეთი ატმოსფერო, სადაც დაპირისპირებული მოსწავლეები კომფორტულად შეძლებენ კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების განხილვასა და მისი მოგვარების გზებზე მსჯელობას.
5. მედიაციის პროცესში მედიატორი მონაწილეობას იღებს როგორც ნეიტრალური მხარე და ეხმარება კონფლიქტის მონაწილე მოსწავლეებს საკუთარი და სხვების ინტერესების გააზრებასა და პოზიციების განსაზღვრაში;
მუხლი 4. მედიაციის დაწყების საფუძვლები და მედიატორის ფუნქცია
1. მედიაციის დაწყების საფუძველია მოსწავლეებს შორის კონფლიქტური სიტუაციის წარმოქმნა, ან კონფლიქტური სიტუაციის წარმოქმნის წინაპირობების არსებობა;
2.მედიატორი ვალდებულია:
- დაადგინოს და გააანალიზოს მოსწავლეების ურთიერთობა კონფლიქტური სიტუაციის წარმოშობამდე;
- შეისწავლოს მოსწავლეებს შორის არსებული კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები;
- განიხილოს კონფლიქტში მყოფ მოსწავლეებს შორის არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა. (რამდენად აქტუალურია კონფლიქტი, რა გავლენა იქონია მან მოსწავლეებზე და ა.შ);
- აგრძნობინოს მოსწავლეებს, რომ აღნიშნული პრობლემა არ წარმოადგენს გადაულახავ დაბრკოლებას და მდგომარეობიდან არსებობს კომპრომისული გამოსავალი;
- მიიღოს ინფორმაცია მხარეებისათვის სასურველ შედეგებზე კონფლიქტური სიტუაციიდან გამომდინარე.
2.6 მედიატორის მოვალეობა არ არის კონფლიქტში მონაწილე მოსწავლეების დავის ერთპიროვნულად გადაწყვეტა. მან მხოლოდ ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეების მიერ გამოსავლის ძიების პროცესს.
მუხლი 5. მედიაციის ეტაპები
- მედიაციის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) საერთო შეხვედრის გამართვა და მედიატორის მიერ კონფლიქტური სიტუაციის მოკლე აღწერა;
ბ) დისკუსია;
გ) ინდივიდუალური გასაუბრება (საჭიროების შემთხვევაში); დ) მედიაციის დასკვნითი ეტაპი.
დ) მედიაციის დასკვნითი ეტაპი.
1.1 საერთო შეხვედრის გამართვა და მედიატორის მიერ კონფლიქტური სიტუაციის მოკლე აღწერა – მედიაციის პროცესის აქტიური ეტაპები უნდა წარიმართოს კლასის სხვა წევრებისა და უცხო პირებისაგან დამოუკიდებლად, სადაც მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ, კონფიდენციალურად განიხილონ ყველა არსებითი დეტალი. შეხვედრისას, უმჯობესია, თუ მედიატორი წარმოთქვამს ძალიან მოკლე შესავალ სიტყვას და მოსწავლეებს და სხვა დამსწრე პირებს კიდევ ერთხელ შეახსენებს მათი შეკრების მიზეზს. შესავალ სიტყვას უნდა ჰქონდეს დაძაბულობის განმუხტვის მიზანი. ამდენად, უმჯობესი იქნება, თუ მედიატორი თავის გამოსვლაში ჩართავს ერთ ან ორ მოკლე და სხარტ ხუმრობას, რათა მხარეებს მოეხსნათ დაძაბულობა. მედიატორის ან/და კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის შემთხვევაში შეხვედრას, შესაძლოა დასეწრონ ჩართული მხარეების კანონიერ წარმომადგენლები, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დაესწროს სკოლის ფსიქოლოგი.
1.2 დისკუსია – დისკუსიის ეტაპი არის მედიაციის ყველაზე მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი პროცესი. დისკუსიისას მოსწავლეებმა უნდა გამოთქვან საკუთარი შეხედულებები კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებთან, მათ ქცევებთან და გრძნობებთან დაკავშირებით. ამ დროს მედიატორის მთავარი ფუნქციაა, რომ მან ფასილიტაცია გაუწიოს მოსწავლეებს შორის არსებულ დიალოგს და საჭიროების შემთხვევაში, მათი ყურადღება დაუბრუნოს ძირითად განსახილველ საკითხს. მედიატორმა უნდა შეძლოს დიალოგის პროდუქტიულ რეჟიმში წარმართვა და საჭიროების შემთხვევაში, წარუდგინოს მოსწავლეებს არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი. ამასთან, მედიატორი აზუსტებს, აჯამებს და საბოლოო სახეს აძლევს მოსწავლეების პოზიციებს.
1.3 ინდივიდუალური გასაუბრება – თუ ამას საჭიროება მოითხოვს, მედიატორს უფლება აქვს რომელიმე მოსწავლესთან მოითხოვოს ინდივიდუალური გასაუბრება მშობლის თანხმობით ან/და დასწრებით, რომელსაც ასევე შესაძლოა დაესწროს სკოლის ფსიქოლოგი. ინდივიდუალური გასაუბრებისას მედიატორი ეხმარება მოსწავლეს მთლიანი სურათის დანახვაში, საკუთარი პოზიციის მესამე პირის პერსპექტივიდან შეფასებაში, მეორე მხარის შეხედულებების, არგუმენტებისა და გრძნობების გააზრებასა და გათავისებაში.
1.4 მედიაციის დასკვნითი ეტაპი – ორივე მხარის ჩართულობით.მედიატორი კიდევ ერთხელ აფასებს მედიაციის პროცესსა და მხარეების მოსაზრებებს. სასურველია, რომ შეჯამებისას მედიატორმა კვლავ მოკლე ხუმრობით განმუხტოს დაღლილობა და იზრუნოს იმაზე, რომ მოსწავლეები კვლავ დაუბრუნდნენ კონფლიქტამდე არსებულ მდგომარეობას.
მუხლი 6. მედიაციის პროცესის დასრულების შემდეგ განსახორციელებელი ღონისძიებები
- თუ მედიაცია წარმატებით დასრულდა:
- 1 მედიაციის პროცესის წარმატებით დასრულება არ ნიშნავს იმას, რომ საკითხი სრულად ამოწურულია და ის აღარ საჭიროებს მასზე დამატებითი ყურადღების გამახვილებას. მედიაციის დასრულების შემდეგ, კლასის დამრიგებელ(ებ)მა, საგნის მასწავლებლებთან თანამშრომლობით პროაქტულად უნდა შეუწყოს ხელი მოსწავლეებს შორის მეგობრული ურთიერთობის აღდგენას. აღნიშნულისათვის შესაძლებელია გამოიყენონ ჯგუფური სამუშაოები და სხვადასხვა აქტივობები. მაგალითად, შესაძლებელია, მედიაციაში მონაწილე მოსწავლეები აღმოჩნდნენ ერთ სამუშაო ჯგუფში რომელიმე სახალისო დავალების შესრულებისას ან ერთ გუნდში, სხვადასხვა სახის სპორტული შეჯიბრებისას. ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეებს შორის არსებული დაძაბულობის ბოლომდე განმუხტვას და შესაძლებელი იქნება მედიაციის პროცესის საბოლოოდ შეფასება.
- 2 მნიშვნელოვანია, რომ მედიაციის პროცესის შესახებ ზოგადი და მოკლე ინფორმაცია ჰქონდეთ კლასის სხვა მასწავლებლებსაც, რათა მათაც აწარმოონ დაკვირვება მედიაციის პროცესზე და საჭიროების შემთხვევაში, აცნობონ არსებული მდგომარეობა კლასის დამრიგებელს.
- თუ მედიაცია წარუმატებლად დასრულდა მედიატორმა მიმართოს სკოლის დირექტორს საქმის დისცუპლინურ კომიტეტზე განხილვის რეკომენდაციით.
მუხლი 7. მოსწავლეთა შორის მედიაციის მარეგულირებელი წესის მიღება და მასში ცვლილების შეტანა
1. მოსწავლეთა შორის მედიაციის მარეგულირებელ წესს შეიმუშავებს და ბრძანებით ამტკიცებს დირექტორი.
2. სკოლის მოსწავლეთა შორის მედიაციის მარეგულირებელი წესის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესით.