მოსწავლის შეფასების სისტემა

მოსწავლის შეფასების მიზნები, პრინციპები და ამოცანები

    1. მოსწავლის შეფასების მთავარი მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას და, მეორე მხრივ, სწავლა-სწავლების ხარისხის მონიტორინგს. შეფასება  იძლევა ინფორმაციას მოსწავლის ინდივიდუალური პროგრესის შესახებ.
    2. მოსწავლის შეფასება არის სწავლა-სწავლების განუყოფელი ნაწილი. თანამიმდევრული საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველსაყოფად, მოსწავლის შეფასება ეფუძვნება  სწავლის კონსტრუქტივისტულ პრინციპებს.
    3. მოსწავლის შეფასების ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:

ა) აჩვენოს როგორ მიმდინარეობს მოსწავლის ცოდნის კონსტრუირების პროცესი და მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება;

ბ) ახალი სასწავლო საკითხის/თემის დაწყებამდე დაადგინოს მოსწავლის წინარე ცოდნა და წარმოდგენები;

გ) გამოავლინოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების დამოუკიდებლად შეფასებას, ასევე რამდენად გააზრებულ და ეფექტიან ნაბიჯებს დგამს იგი საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად;

დ) მოიცვას სამივე კატეგორიის ცოდნა;

ე) აჩვენოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად

გამოყენებას შინაარსიან კონტექსტებში

    1. ძირითადი ამოცანების გადასაჭრელად მოსწავლის შეფასებაში პრიორიტეტი ენიჭება  კომპლექსურ, კონტექსტის მქონე დავალებებს, რომელთა შესრულება მოსწავლეს უბიძგებს ცოდნის სხვადასხვა კომპონენტის ინტერაქტიულად და თანადროულად გამოყენებისკენ.

მოსწავლემ წინასწარ იცის , რა კრიტერიუმებით ფასდება მისი სასწავლო აქტივობა.

განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება კლასში

  1. სკოლაში შეფასება არის : განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
  2. განმსაზღვრელი შეფასება ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებაში.
  3. განმავითარებელი შეფასება ადგენს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და მიმართულია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე.

განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებების აღწერილობა

განმავითარებელიგანმსაზღვრელი
მიზნებისწავლის ხარისხის გაუმჯობესება;

მოსწავლის წინსვლისა და განვითარების ხელშეწყობა.

მოსწავლის აკადემიური მიღწევის დონის დადგენა საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებაში.
ამოცანებიცოდნის კონსტრუირებისა და ცოდნათა ურთიერთდაკავშირების პროცესის შეფასება;

წინარე ცოდნის/წარმოდგენების დადგენა;

მოსწავლის მიერ თავისივე ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენის უნარის შეფასება;

მოსწავლის მიერ საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად გააზრებული ნაბიჯების გადადგმის უნარის შეფასება;

ცოდნის სამივე კატეგორიის ათვისების პროცესის შეფასება;

ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების უნარის შეფასება.

ცოდნათა ურთიერთდაკავშირების უნარის შეფასება;

ცოდნის სამივე კატეგორიის გამოყენების უნარის შეფასება;

ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების უნარის შეფასება.

წარმატების კრიტერიუმიგანხორციელებული წინსვლა წინარე შედეგებთან/ წინარე დონესთან შედარებით.მიღწევის დონე საგნობრივი სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან შედარებით
შემფასებელი და შეფასების ფორმებიმასწავლებელი: ზეპირსიტყვიერი ან წერილობითი უკუკავშირი, წამახალისებელი მითითებები, სიმბოლური ნიშნები და ა.შ..

მოსწავლეები: თვითშეფასებით; ურთიერთშეფასებით.

მასწავლებელი: ქულა (შეიძლება ახლდეს კომენტარი ძლიერი და სუსტი მხარეების აღწერით, ხარვეზების გამოსასწორებელი მითითებებით).

აკადემიური მიღწევის დონეები და შეფასების სისტემა

მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ფასდება ათქულიანი სისტემით ხუთი დონის მიხედვით:

ქულებიშეფასების დონეები
10მაღალი
9
8საშუალოზე მაღალი
7
6საშუალო
5
4საშუალოზე დაბალი
3
2დაბალი
1

შეფასება დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე

  1. სკოლაში I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება გამოიყენება. ამ კლასებში წლის ბოლოს საგნის მასწავლებლები წერენ მოსწავლის მოკლე წერილობითი შეფასებას, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს დახმარება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად. კლასის დამრიგებელი, საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, IV კლასის ბოლოს წერს შემაჯამებელი წერილობითი შეფასებას.
  2. V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენება. მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით, ყველაზე დაბალი ქულა არის 1, ხოლო ყველაზე მაღალი ქულა – 10.
  3. V-XII კლასებში სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნებში და არჩევით საგნებში მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.
  4. დამატებითი სავალდებულო საგნის/საგნების შეფასება არ იანგარიშება საფეხურის ქულის გამოთვლისას.

მოსწავლის შეფასების კომპონენტები

სემესტრის განმავლობაში მოსწავლეები ფასდებიან შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით:

ა) მიმდინარე საშინაო დავალება;

ბ) მიმდინარე საკლასო დავალება;

გ) შემაჯამებელი დავალება.

  1. მასწავლებელს შეუძლია სემესტრის განმავლობაში განმავითარებელი შეფასება გამოიყენოს ნებისმიერ კომპონენტში.
  2. სემესტრის განმავლობაში განმსაზღვრელი შეფასებით მოსწავლეები ფასდებიან შემდეგ კომპონენტებში:

ა) მიმდინარე საკლასო დავალება (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები),

ბ) მიმდინარე საშინაო დავალება (VII-XII კლასები),

გ) შემაჯამებელი დავალება (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები),

  1. სამივე პუნქტით განსაზღვრულ კომპონენტებს ერთნაირი წონა აქვს.
  2. I-VI კლასებში საშინაო დავალების კომპონენტში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება.
  3. I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში საკლასო და შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება.
  4. V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში საკლასო და შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასება.

8.შემაჯამებელი დავალების კომპონენტში სავალდებულოა კომპლექსური, კონტექსტის მქონე დავალებების გამოყენება (მაგ., ესეს დაწერა, პროექტის მომზადება, ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, რეფერატის დაწერა, ამოცანის ამოხსნა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის შექმნა, მოთხრობის შედგენა, მონაცემთა ბაზის შექმნა, კონკრეტული პრობლემის გადაჭრა, საველე-გასვლითი სამუშაოს ან სასწავლო ექსკურსიის ანგარიშის მომზადება და სხვ.). ამგვარ დავალებაში შესრულებული სამუშაოს მრავალმხრივი შეფასებისათვის პედაგოგმა იმუშავებს მოსწავლეების შეფასების კრიტერიუმებს.

9.სასკოლო სასწავლო გეგმა თითოეული კლასის თითოეული საგნისათვის საზღვრავს სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო  რაოდენობას ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.

10.მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს სასკოლო სასწავლო გეგმით დადგენილი კლასში ჩატარებული ყველა შემაჯამებელი დავალება;

11.თუ მოსწავლე არ შეასრულებს რომელიმე შემაჯამებელ დავალებას გაცდენის გამო, სკოლა მისცემს მას გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის საშუალებას სემესტრის ბოლომდე. ხოლო მოსწავლის სხვა სკოლაში მობილობის შემთხვევაში – მობილობამდე. ამასთან, სკოლაში დაბრუნების შემდეგ მოსწავლეს უფლება აქვს ისარგებლოს სკოლის „დამატებითი მომსახურებით გამცდენი მოსწავლეებისთვის“, რომელიც აღწერილია სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამის თავში.

12.თითოეული მასწავლებელი ვალდებულია, კათედრას წარუდგინოს მის მიერ კლასში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დოკუმენტაცია. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: შემაჯამებელი დავალების ნომერი, შემაჯამებელი დავალების პირობა, საგნის სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურება კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდება ეს დავალებები; ასევე, მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული შემაჯამებელი დავალების რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული შემაჯამებელი დავალების ამსახველი ვიზუალური მასალა.

განმსაზღვრელი შეფასების ქულათა სახეობები

სკოლაში  გამოიყენება განმსაზღვრელი შეფასების შემდეგი სახეობები:

ა) საგნის მიმდინარე საკლასო, მიმდინარე საშინაო და შემაჯამებელი დავალებების ქულები, რომლებსაც მოსწავლე იღებს სემესტრის განმავლობაში;

ბ) საგნის სემესტრული ქულა – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში;

გ) საგნის წლიური ქულა – სემესტრული ქულებიდან გამომდინარე შეფასება საგანში. გამონაკლისს წარმოადგენს მეხუთე კლასის წლიური ქულა, რომელიც მეორე სემესტრის საგნის სემესტრული ქულის იდენტურია.

დ) საფეხურის ქულა – საფეხურის მანძილზე ნასწავლი ყველა საგნის წლიური ქულის საშუალო ქულა.

ქულების გამოანგარიშების წესი

  1. საგნის სემესტრული ქულის გამოანგარიშების წესი:

ა) მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში სხვადასხვა კომპონენტში მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულების რაოდენობაზე;

ბ) მიღებული ქულა უნდა დამრგვალდეს მთელის სიზუსტით (მაგ., 6.15 მრგვალდება 6-მდე, 7.49 მრგვალდება 7-მდე, 8.5 მრგვალდება 9-მდე);

გ) იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არა აქვს შესრულებული ყველა ჩატარებული შემაჯამებელი დავალება, მისი სემესტრული ქულის გამოსაანგარიშებლად სხვადასხვა კომპონენტში მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულების რაოდენობისა და შეუსრულებელი შემაჯამებელი დავალებების რაოდენობის ჯამზე;

დ) თუ სემესტრის განმავლობაში  სკოლაში გადმოსვლისას  აღმოჩნდება, რომ რომელიმე საგანში/საგნებში ჩატარებულია შემაჯამებელი დავალების/დავალებების უფრო მეტი რაოდენობა, ვიდრე გამშვებ სკოლაში, სკოლა მოსწავლის შემაჯამებელი დავალების რაოდენობას დაითვლის გამშვებ სკოლაში დადგენილი და მოსწავლის მიერ შესრულებული, ასევე  მოსწავლის გადმოსვლის მომენტიდან ჩატარებული და მის მიერ შესრულებული შემაჯამებელი დავალებების მიხედვით;

ე)  სემესტრული გამოცდის (სემესტრული გამოცდა ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე თვლის, რომ მას უფრო მაღალი შეფასება ეკუთვნის) ჩაბარების შემთხვევაში, სემესტრული ქულა გამოითვლება მისი გათვალისწინებით: გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე.

  1. საგნის წლიური ქულის გამოანგარიშების წესი:

ა) საგნის წლიური ქულის გამოსაანგარიშებლად საგნის სემესტრული ქულების ჯამი უნდა გაიყოს ორზე;

ბ) საგნის წლიური ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით (მაგ., 7.33… მრგვალდება 7-მდე, 8,5 მრგვალდება 9-მდე;  9.66 მრგვალდება 10-მდე);

გ) თუ მოსწავლეს, სხვა სკოლიდან სემეტრის მიმდინარეობისას გადმოსვლის გამო, მოუხდება განსხვავებული საგნების სწავლა და მანამდე ნასწავლ საგანში მიღებული აქვს (მიმდინარე საკლასო დავალება – V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები,  მიმდინარე საშინაო დავალება- VII-XII კლასები  და შემაჯამებელი დავალება) შეფასება, რომლის საშუალო არითმეტიკული არის 5.0 ან მეტი ქულა, ეს ქულა დაუფიქსირდება ნასწავლი საგნის წლიურ ქულად. ამასთან, სკოლა მოსწავლეს შეაფასებს ახალ განსხვავებულ საგანში, თუ ეს ესწრება სემესტრის დასრულებამდე;

დ) მოსწავლის მიერ სემესტრის დასრულების შემდეგ სკოლიდან გადმოსვლის  გამო,  განსხვავებული საგნის სწავლის შემთხვევაში, განსხვავებული საგნების სემესტრული ქულები აღირიცხება, როგორც ორი დამოუკიდებელი საგნის წლიური ქულა. (მაგ., თუ მოსწავლე პირველ სემესტრში უცხოურ ენად სწავლობდა ფრანგულს, მეორე სემესტრში კი ფრანგულის ნაცვლად – თურქულს, მაშინ ფრანგული ენის სემესტრული ქულა გადადის ფრანგული ენის წლიურ ქულად, ხოლო თურქული ენის სემესტრული ქულა – თურქული ენის წლიურ ქულად).

  1. საფეხურის ქულის გამოანგარიშების წესი:

ა) საფეხურის ქულის გამოთვლისას ჯამდება საფეხურის მანძილზე ნასწავლი ყველა საგნის წლიური ქულა და ჯამი იყოფა წლიური ქულების საერთო რაოდენობაზე;

ბ) საფეხურის ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით (მაგ., 6.43 მრგვალდება 6.4-მდე, 7.58 მრგვალდება 7.6-მდე, 9.75 მრგვალდება 9.8-მდე).

კლასისა და საფეხურის დაძლევა

  1. კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის მიერ კონკრეტული კლასის თითოეული საგნის წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და მოსწავლეს მიღებული აქვს ჩათვლა განსაზღვრულ საგნებში,

(ფიზიკური აღზრდა და სპორტი და არჩევით საგნებში) რაც აძლევს მას მომდევნო კლასში გადასვლის უფლებას.

  1. დაწყებითი საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დაძლეული აქვს V-VI კლასები, რაც აძლევს მას საბაზო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.
  2. საბაზო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს საბაზო საფეხურში შემავალი ყველა კლასი, რაც აძლევს მას საბაზო განათლების ატესტატის აღების ან/და საშუალო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.
  3. საშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს საშუალო საფეხურში შემავალი ყველა კლასი.