მუხლი 1. ზოგადი დებულებები
შპს ქართულ-გერმანული სკოლა სხივის (შემდგომში „სკოლა“) მოსწავლეთა სკოლასთან ადაპტაციის წესი (შემდგომში „წესი“) შემუშავებულია სკოლის სასწავლო პროცესისა და ფსიქოლოგთა რეკომენდაციბის საფუძველზე და მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეთა სკოლასთან მარტივად ადაპტაციას.
მუხლი 2. ადაპტაციის მნიშვნელობა და მიზნები
- ადაპტაცია წარმოადგენს სხვადასასხვა ინსტრუმენტებისა და პროცედურების ერთობლიობას, რომლის მიზანია რაც შეიძლება სრულფასოვნად და ეფექტიანად მოხდეს ახალი მოსწავლის ინტეგრაცია სკოლის სოციალურ გარემოსთან, კულტურასა და ღირებულებებთან.
- მოსწავლის ადაპტაციის პერიოდი შეიძლება მოიცავდეს 2-3 კვირიდან 6 თვემდე პერიოდს მოსწავლის უნარების, შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით.
- ადაპტაცია მოიცავს მოსწავლის სკოლაში მიღებას, ორიენტაციასა და მენტორინგს.
- ადაპტაციის პროცესის ეფექტიანობას განსაზღვრავს პროცესში ჩართული მხარეების ურთიერთთანამშრომლობა და კოორდინაცია.
- მოსწავლეთა სკოლასთან წარმატებული ადაპტაციისათვის ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო მოტივაცია. განსაკუთრებით სასკოლო სწავლების პირველ წელს ის ძირითადად უფროსების მიერ არის უზრუნველყოფილი. იმაზე, თუ როგორ ხვდებიან ისინი ბავშვის მცდელობას გაიგოს და აითვისოს რაღაც ახალი, ბევრად არის დამოკიდებული რამდენად მოუნდება ბავშვს სწავლა. სასწავლო მოტივაციის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის პირველ ნაბიჯებს სკოლაში უფროსები შეხვდნენ ინტერესით და გაგებით (იხ. დანართი N1)
- ადაპტაციის მიზნებია:
ა) ახალი მოსწავლის სკოლაში/კლასში სწრაფი ინტეგრაცია, სოციალიზაცია და ორიენტაცია;
ბ) ორგანიზაციაში არსებული ღირებულებების, კულტურისა და წესების შესახებ ინფორმირება;
გ) საჭირო უნარების გამომუშავებაში დახმარება და მისთვის დაკისრებული მოვალეობებისა შესახებ ინფორმირება;
დ) ახალი მოსწავლისთვის სკოლის მისიის, ხედვის, შინაგანაწესისა და სხვა ღირებულებების გაცნობა.
მუხლი 3. ადაპტაციაში ჩართული პირები
- მოსწავლის ადაპტაციის პროცესში ჩართული არიან სკოლის ადმინისტრაცია, კლასის დამრიგებელი, საგნის მასწავლებლები და თანაკლასელები.
- ჩართული პირების მთავარ როლს წარმოადგენს ახალ მოსწავლესთან რეგულარული კომუნიკაციის დამყარება, ძირითადი ინფორმაციისა და რესურსების მიწოდება, მისი დაკავშირება სკოლაში მომუშავე სხვა ადამიანებთან და სკოლის ინფრასტრუქტურის გაცნობა.
მუხლი 4. ადაპტაციის ეტაპები
- სკოლასთან ადაპტაციის ეტაპებია:
- მოსამზადებელი ეტაპი – ახალი მოსწავლის სკოლაში გამოცხადებამდე პერიოდი ჩართულ მხარეებს საშუალებას აძლევს, რომ ახალი მოსწავლე მიიღონ მომზადებულ გარემოში, რითაც დაეხმარებიან სწრაფ და ეფექტურ ორიენტაციაში. მაგალითად,კლასის დამრიგებელი სამამრიგებლო კლასის მოსწავლეებსა და კლასის პედაგოგებს მაიწვდის ინფორმაციას ახალი მოსწავლის შესახებ და შეუქმნის მოლოდინს. მასწავლებლებს, ასევე, მიაწოდებს ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მოსწრების, ინტერესების შესახებ და ასევე, მშობლების მიერ მიწოდებული თხოვნებს მაგ. სახელის დაძახებასთან დაკავშირებით. სკოლის ადმინისტრაცია ექიმს გადასცემს მონაცემებს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და სხვა. ამავე პერიოდში უკეთესია, თუ მოხდება მოსწავლისთვის ინფრასტრუქტურის გაცნობა.
- პირველი დღე სკოლაში – ამ ეტაპის ამოცანაა ახალმა მოსწავლემ თავი იგრძნოს მიღებულად, მნიშვნელოვნად და კომფორტულად, რაც განაპირობებს მის სასწავლო მოტივაციას. ახალი მოსწავლის პირველ დღეს სკოლის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული მნიშვნელოვა უნდა მიანიჭონ, რადგან ახალი მოსწავლის დამოკიდებულებებსაც და წარმოდგენას სკოლის, თანაკლასელებისა და ზოგადად გარემოს მიმართ პირველ დღეებში მიღებული გამოცდილება განაპირობებს. ამისათვის, სასურველია მოსწავლეს პირველ დღეს სკოლის შესასვლელში შეხვდეს კლასის დამრიგებელი, რომელიც თვითონ მიაცილებს მოსწავლეს საკლასო ოთახამდე, გააცნობს თანაკლასელებს, მოუყვება დღის გეგმის (რეჟიმის) შესახებ, დაუსვამს კითხვას დამატებითი საჭიროებების ან ინფორმაციის შესახებ და სთხოვს საგაკვეთილო პროცესში ჩართვას.
- ადაპტაციის პერიოდი – მოცემული პერიოდი მოიცავს მოსწავლის სრულ ადაპტაციას სკოლასთან. თავდაპირველად ხდება მოსწავლისთვის ქცევის წესების გაცნობა, კლასელებთან დამეგობრება, ღონისძიებებსა თუ აქტივობებში ჩართვა, დახმარება ისეთ საკითხებში, რომლებიც მისთვის უცხოა ან რთულად შესასრულებელია, ინიციატივების წახალისება, უნარების გამოკვეთა, სირთულეების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა. ამავე ეტაპზე ფაქტობრივად ხდება შეჯამება თუ როგორ გაიარა მოსწავლემ ადაპტაციის პერიოდი და რამდენად აკმაყოფილებს წარმატებული ადაპტაციის კრიტერიუმებს.
- ადაპტაციის სხვა შემთხვევები – იმ შემთხვევაში თუ მოსწავლემ ვერ გაიარა ადაპტაციის პერიოდი წარმატებულად ან სკოლისათვის თავიდანვე ცნობილია მოსწავლის სირთულეების შესახებ ან მას აქვს სსსმ მოსწავლის სტატუსი, სკოლა ხელმძღვანელობს „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 თებერვლის N16/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესების შესაბამისად.
მხული 5. სკოლასთან ადაპტაციის განმსაზღვრელი ფაქტორები
- ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებები
- სასწავლო დაწესებულების ტიპი
- საგანმანათლებლო პროგრამების სირთულის ხარისხი
- ბავშვის სკოლისათვის მზაობის დონე
მუხლი 6. სკოლასთან ადაპტაციის შედეგები და ნიშნები
6.1. სკოლასთან წარმატებული ადაპტაციის ნიშნებია:
- ბავშვი მხიარული, მშვიდი და ხალისიანია
- სწრაფად პოულობს მეგობრებს თანაკლასელებს შორის
- სიამოვნებს მასწავლებლებზე და თანაკლასელებზე საუბარი
- დაძაბულობის გარეშე ასრულებს მასწავლებლის მითითებებს და ადექვატურად რეაგირებს შენიშვნებზე
- მოსწონს სასკოლო ცხოვრების წესი
- დღის ახალი რეჟიმი მისთვის კომფორტულია (არ ტირის დილაობით, არ უჭირს ღამით ჩაძინება და ა.შ.)
- არა აქვს სკოლასთან, მასწავლებლებთან და თანაკლასელებთან დაკავშირებული შიშები
6.2. სკოლასთან დეზადაპტაციის ნიშნები
- ბავშვი სწრაფად და ხშირად იღლება
- შეიძლება უჩიოდეს თავის ტკივილს, უმადობას
- უჭირს საღამოს ჩაძინება და დილით გაღვიძება
- ხშირად საყვედურობს, ემდურება თანაკლასელებს
- წუწუნებს მასწავლებლის მოთხოვნებზე
- აქვს შინაგანი პროტესტის განცდა, ჭირვეულია ისეთ სიტუაციებშიც კი, სადაც ადრე სიმშვიდით გამოირჩეოდა
- უჭირს იყოს სასკოლო მოთხოვნების შესაბამისი, ვერ იცავს სასკოლო წესებს
- როგორც წესი, ასეთ ბავშვები განიცდიან სირთულეებს და აქვთ პრობლემები სასწავლო საქმიანობაში
მუხლი 7. დასკვნითი დებულებები
- მოსწავლეთა სკოლასთან ადაპტაციის წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს სკოლის დირექტორი ბრძანების გამოცემის გზით.
- წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ასევე, ძალადაკარგულად გამოცხადება ხდება ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით.
დანართი N1.
რეკომენდაციები მშობლებისთვის სკოლასთან ადაპტაციის ხელშესაწყობად
- ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ვაჩუქოთ საკუთარ ბავშვს, ეს ჩვენი ყურადღებაა
- მშობლების დადებითი დამოკიდებულება სკოლასთან, მასწავლებლებთან გაუიოლებს ბავშვს სკოლასთან ადაპტაციის პროცესს
- დავეხმაროთ ბავშვს შეეგუოს ცხოვრების ახალ რეჟიმს, დაამყაროს კეთილგანწყობილი დამოკიდებულება თანატოლებთან
- სკოლაში ყოფნის პირველივე დღეებში მნიშვნელოვანია დავეხმაროთ ბავშვს ირწმუნოს საკუთარი ძალების, საკუთარი შესაძლებლობების
- სკოლასთან ადაპტაციის პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღის რეჟიმის სწორად შედგენა. დატვირთვის შესამცირებლად და გადაღლის თავიდან ასაცილებლად სასურველია დღის ძილის ორგანიზება. ასევე საშინაო დავალებები, რომლებზეც ბევრი მასწავლებელი ვერ ამბობს უარს, უნდა შესრულდეს არა გვიან საღამოს, ძილის წინ, არამედ შუადღით. გარდა ამისა, ბავშვს უნდა რჩებოდეს პირადი დრო მულტფილმების საყურებლად, სასეირნოდ და ა.შ.
- განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ ფიზიკურ ვარჯიშებს. სკოლაში სწავლის დაწყებასთან ერთად ბავშვის მოძრაობითი აქტივობა სერიოზულად მცირდება, რაც ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის. ამან შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს მის იმუნიტეტზე და გუნება-განწყობაზეც. სპორტის გაკვეთილები, რომლებიც სასკოლო პროგრამით არის გათვალისწინებული, ამ ასაკის ბავშვისთვის საჭირო მოძრაობითი აქტივობის 10% – საც კი ვერ უკეთებს კომპენსირებას. ამდენად აუცილებელია, რომ ბავშვი სკოლის გარეთაც იყოს მოტორული აქტივობებით და თამაშებით დაკავებული
- განვავითაროთ ბავშვის მოძრაობითი აქტივობა, ვინაიდან ამტანი ბავშვი, რომელიც შეჩვეულია ფიზიკურ დატვირთვას, ადაპტაციას უფრო იოლად ახერხებს, ვიდრე სუსტი და ნაკლებად მოძრავი ბავშვი
- სასკოლო ცხოვრების დაწყებით ეტაპზე სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები. აუცილებელია შევამციროთ თვალის დატვირთვა – ბავშვი რაც შეიძლება ნაკლებად უნდა იჯდეს ტელევიზორთან და კომპიუტერთან. საწერი მაგიდა დავდგათ ფანჯარასთან. ოთახი, რომელშიც ბავშვს უწევს მუშაობა, კარგად უნდა იყოს განათებული. ყურადღება მიაქციეთ ასევე იმას, თუ როგორ ზის ბავშვი – მანძილი თვალსა და წიგნს ან რვეულს შორის მკაცრად უნდა იყოს დაცული
- ანგარიში გავუწიოთ სათამაშოებთან ბავშვის დამოკიდებულებას. ხშირად პირველკლასელები ითხოვენ სათამაშოს სკოლაში წაღებას. ნამდვილად არ ღირს ამის აკრძალვა. რა თქმა უნდა ეს არ ეხება დიდი ზომის სათამაშოებს, კონსტრუქტორებს, ბარბის სახლებს. თუ ეს იქნება პატარა ზომის, ბავშვისთვის საყვარელი სათამაშო, შეიძლება დავრთოთ ნება წაიღოს ის სკოლაში, თუმცა უნდა ავუხსნათ, რომ სათამაშოს ადგილი გაკვეთილზე არ არის და ამ სათამაშოთი თამაში მხოლოდ შესვენებაზე შეიძლება
- შევისწავლოთ საკუთარი ბავშვი სხვადასხვა სიტუაციებში დაკვირვების გზით. ეს დაგვეხმარება უკეთესად გავიცნოთ პატარა, მისი ხასიათის ესა თუ ის თვისებები
- ნუ დააკმაყოფილებთ ბავშვის ყველა მოთხოვნას, ბოროტად ნუ გამოიყენებთ ალერსს, ვინაიდან ამან შეიძლება მიგვიყვანოს ჯიუტობამდე და ჭირვეულობამდე
- ნუ ჩაახშობთ დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას
- შეეცადეთ უპასუხოთ ბავშვის ყველა შეკითხვას, ვინაიდან ცნობისმოყვარეობას ამ ასაკში საზღვრები არა აქვს
- ვასწავლოთ ბავშვს სასკოლო სირთულეებისათვის დამოუკიდებლად თავის გართმევა
- ნუ გაგაღიზიანებთ ბავშვის წარუმატებლობა. შეეცადეთ მშვიდად შეხვდეთ მის მარცხს, რადგანაც პატარა მტკივნეულად განიცდის მშობლის განაწყენებას
- დაეხმარეთ ბავშვს თანატოლებთან კეთილგანწყობილი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ეს სკოლასთან ადაპტაციის პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს
- ნუ ეჩხუბებით ბავშვს იმის გამო, რომ რაღაც კარგად ვერ გაიგო, ან რაღაც კარგად ვერ გააკეთა
- შეეცადეთ მისი სასწავლო საქმიანობა მხოლოდ დადებითად შეაფასოთ, მშინაც კი, თუ გეჩვენებათ, რომ მიღწეული წარმატებები აშკარად არასაკმარისია
- გამოიჩინეთ ინტერესი სკოლისა და კლასის მიმართ, რომელშიც სწავლობს თქვენი ბავშვი. კარგი იქნება, თუ მას უბრალოდ მოუსმენთ
- ნუ გააკრიტიკებთ თქვენს პატარას, მაშინაც კი თუ ის ცუდად წერს, ნელა ითვლის. აკლია სიფაქიზე. კრიტიკა, განსაკუთრებით უცხო ადამიანების თანდასწრებით მხოლოდ გაამწვავებს მის პრობლემებს
- გაითვალისწინეთ თქვენი შვილის ტემპერამენტი სასკოლო სწავლებასთან ადაპტაციის პროცესში. აქტიურ ბავშვებს უჭირთ ერთ ადგილას დიდხანს ჯდომა. შენელებული ტემპების მქონე ბავშვებისთვის კი რთულია სასკოლო რიტმთან შეგუება
- დადებითი კომენტარებით, გამოხმაურებებით წაახალისეთ ბავშვი არა მხოლოდ სასწავლო წარმატებების გამო. ნებისმიერი მორალური სტიმულირება, მხარდამჭერი სიტყვები უფროსების მხრიდან ეხმარება ბავშვს იგრძნოს თავი მნიშვნელოვნად ამა თუ იმ საქმიანობაში
- არასოდეს არავის შეადაროთ საკუთარი ბავშვი. ასეთი შედარებებით შეიძლება ბავშვს საკუთარი ძალების რწმენა დავუკარგოთ და თვითშეფასებაც დავუქვეითოთ. შედარება შეიძლება მხოლოდ ბავშვის დღევანდელი მდგომარეობის მის წარსულ მიღწევებთან
- გვახსოვდეს, რომ სიზარმაცე და ჭირვეულობა წარმავალია. არ ღირს ბავშვთან ჩხუბი და მისი დასჯა. უკეთესი იქნება, თუ დავეხმარებით პატარას, შევეცდებით დავუთმოთ მას მეტი დრო და ყურადღება. კარგად მუშაობს ყველა ხერხი: მოფერება, საალერსო სიტყვები, ჩახუტება, გულახდილი საუბრები, ზღაპრების მოყოლა ძილის წინ და სხვა
- გვახსოვდეს, რომ ბავშვების პრობლემები უფროსების პრობლემებზე მარტივი არ არის. კონფლიქტი მასწავლებელთან ან თანატოლთან ემოციონალური დაძაბულობით და შედეგებით შეიძლება უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე ოჯახის უფროსი წევრების კონფლიქტი ხელმძღვანელობასთან სამსახურში
გვახსოვდეს აღზრდის ოქროს წესი
ბავშვი ჩვენს სიყვარულს ყველაზე მეტად მაშინ საჭიროებს, როცა ის ყველაზე ნაკლებად იმსახურებს ამას
შემეცნებითი პროცესების (აზროვნება, მეხსიერება, ყურადღება, წარმოსახვა) განვითარება
- გაკვეთილებზე ბავშვებს მოეთხოვებათ ყურადღების სწრაფი გადართვა ერთი საქმიანობიდან მეორეზე. ყურადღების ეს თვისება მშობლებმა შეიძლება განავითარონ სახლში მოძრაობითი სავარჯიშოების დახმარებით. ბავშვებმა შეიძლება შეასრულონ და შეწყვიტონ მოქმედება სპეციალური მითითებებით, ისე რომ სწრაფად გადავიდნენ ერთი სახის მოძრაობიდან მეორეზე (ფიზიკური სავარჯიშოების გამოყენება): სიარული, ხტუნაობა, გაჩერება
- შესთავაზეთ ბავშვს შემდეგი სავარჯიშო: გაზეთში ან ძველ წიგნში ერთ ხაზზე გადახაზოს ფანქრით ყველა ასო „ა“ ისე, რომ არცერთი არ გამორჩეს. (დავალება შეიძლება თანდათან გავართულოთ იმით, რომ ვთხოვოთ ბავსვს შემოხაზოს ყველა „ა“ ასო, წრე შემოავლოს ყველა ასო „დ“-ს და გახაზოს ყველა ასო „კ“
- გამოიყენეთ თამაშები გარკვეული წესებით
- მეხსიერების გასავარჯიშებლად წაუკითხეთ ბავშვს რაიმე მოთხრობა ან ზღაპარი და სთხოვეთ მისი გადმოცემა
- აზროვნების განვითარებისთვის გამოუმუშავეთ ბავშვს შედარების, ანალიზის და შეფასების უნარი. სთხოვეთ იპოვოს მსგავსება და განსხვავება საგნებს, მოვლენებს, ადამიანებს შორის. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სათამაშოები, სასწავლო ნივთები, ნახატები და ა.შ.
- გვახსოვდეს, რომ შემეცნებითი პროცესების განვითარების საფუძველს ემოციურ-ნებელობითი სფეროს განვითარება წარმოადგენს, ამიტომ აუცილებელია შევუქმნათ ბავშვს თბილი, მყუდრო და მშვიდი გარემო. თუ ემოციონალური განვითარება სწორად წარიმართება და ბავშვი არ იქნება იმპულსური, ადეკვატურად აღიქვამს კრიტიკას, კონფლიქტურ სიტუაციებში არ იქნება აგრესიული და ა.შ., მის გონებრივ განვითარებაშიც სერიოზულ წარმატებებს მივაღწევთ.