თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პროცესი, რომლის ფარგლებშიც ყველა მოსწავლისთვის უზრუნველყოფილია განათლების ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით მიღება.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე
1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა მოსწავლე (შემდგომში – სსსმ მოსწავლე), რომელსაც აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები, ვერ ძლევს შესაბამისი კლასისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს ან/და საჭიროებს ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციას/გაფართოებას, გარემოს ადაპტაციას, ალტერნატიულ სასწავლო გეგმას ან/და სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას.
2. სსსმ მოსწავლე შეიძლება იყოს მოსწავლე, რომელსაც აქვს:
ა) ფიზიკური შეზღუდვა;
ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა;
გ) სწავლის უნარის დარღევა;
დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის);
ე) მეტყველების განვითარების დარღვევა;
ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა;
ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;
თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს;
ი) ენობრივი ბარიერის გამო გამოწვეული სირთულეები სწავლაში.
3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურება ხდება სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის (შემდგომში – მულტიდისციპლინური გუნდი) შეფასებისა და დასკვნის საფუძველზე, ასევე მულტიდისციპლინური გუნდის მიერ განისაზღვრება სსსმ მოსწავლისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციის საჭიროება. ადაპტაციის სახეებია: მოდიფიკაცია, აკომოდაცია, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, ალტერნატიული სასწავლო მიზნები, ალტერნატიული სასწავლო გეგმა ან/და გაფართოებული სასწავლო გეგმა.
4. სსსმ მოსწავლისთვის სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიკაცია, სასწავლო გარემოს აკომოდაცია და საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული სასწავლო მიზნების შემუშავება.
5. მოსწავლისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიკაცია ნიშნავს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების რაოდენობრივ და/ან თვისებრივ ცვლილებებს, რაც შესაძლებელია გულისხმობდეს სასწავლო მიზნების რაოდენობრივ შემცირებას, გამარტივებას მოსწავლის მზაობისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
6. სასწავლო გარემოს აკომოდაცია ნიშნავს სასწავლო გარემოს ისეთი ცვლილებას, რომელიც არ იწვევს ეროვნული სასწავლო გეგმის შინაარსის შეცვლას, არამედ ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის შესაბამისი სასწავლო გარემოს და პირობების შექმნას ქვემოთ ჩამოთვლილ კომპონენტებში:
ა) ინსტრუქციის აკომოდაცია;
ბ) გარემო პირობების აკომოდაცია;
გ) შეფასების აკომოდაცია;
დ) დროის, გრაფიკის აკომოდაცია.
7. ალტერნატიული სასწავლო მიზნების შემუშავება ხდება მძიმე, ღრმა და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის, თუ შეუძლებელია ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ზოგიერთი საგნის სწავლება. ალტერნატიული სასწავლო გეგმა გონებრივი განვითარების მძიმე და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის არის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს და აღწერს ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურისათვის საგნების საგანმანათლებლო სტანდარტს, სწავლების რეკომენდაციებს, მიღწევების, ფუნქციური უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენის საშუალებებს. ალტერნატიული სასწავლო გეგმის მიხედვით თითოეული საგანი ისწავლება მრავალფეროვანი სასწავლო სტრატეგიების გამოყენებით და მოსწავლეს ფუნქციურ და აკადემიურ ცოდნას აძლევს. ალტერნატიული სასწავლო გეგმა განკუთვნილია მძიმე გონებრივი განვითარების და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის როგორც სპეციალიზებულ, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლის შემთხვევაში და ასევე შინ სწავლებისას. ალტერნატიული სასწავლო გეგმის ფუნდამენტური პრინციპია – შედეგზე ორიენტირება მრავალფეროვანი, მოსწავლეზე ფოკუსირებული სწავლების ფორმებისა და სტრატეგიების გამოყენებით. გონებრივი განვითარების მძიმე და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეების სწავლებისას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე ხელმძღვანელობს ალტერნატიული სასწავლო გეგმით. ალტერნატიული სასწავლო გეგმა ზოგადი და სპეციალიზებული განათლების სფეროში მოღვაწე ყველა სუბიექტს ავალდებულებს უზრუნველყოს მძიმე გონებრივი განვითარების და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეთა სწავლების მაღალი სტანდარტი, რომლის ფუნდამენტური პრინციპი (ეროვნული სასწავლო გეგმის მსგავსად) – სასწავლო შედეგებზე ორიენტირებაა. ალტერნატიული სასწავლო გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელია: სპეციალიზირებულ სკოლაში საგნის მასწავლებელი, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში საგნის მასწავლებელი სპეციალური მასწავლებელთან ერთად, შინ სწავლებისას – ყველა ის მასწავლებელი, რომელიც შინ სწავლების პროგრამას ახორციელებს. მძიმე და მრავლობითი გონებრივი დარღვევების და აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე მოსწავლეებისათვის ალტერნატიულ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
1. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არის მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციით შექმნილი სასწავლო გეგმა, რომელიც სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილია. ინდივიდუალური გეგმის ფორმა დანართის სახით ერთვის სასკოლო სასწავლო გეგმას (იხ. დანართი 7).
2. სწავლის პროცესში სირთულეების გამოვლენის შემდეგ სკოლამ უნდა უზრუნველყოს მოსწავლის გადამისამართება დეტალური შეფასებისთვის სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინურ გუნდთან, ხოლო მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების შედეგად განისაზღვრება რეკომენდაცია ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის შესახებ.
3. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ასახავს შესაბამისი კლასის დამთავრებისთვის მოსალოდნელ სასწავლო შედეგებს, მათ მისაღწევად განსაზღვრულ სწავლების სტრატეგიასა და დამატებით საშუალებებს/ღონისძიებებს, შესაბამისი სასწავლო გარემოს შესაქმნელად გასატარებელ ზომებს.
4. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს სსსმ მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას და მისი მიღწევის გზებს, მოსწავლის ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.
5. სკოლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფი (შემდგომში – ისგ ჯგუფი) მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო მანამდე უკვე იდენტიფიცირებული სსსმ მოსწავლეებისთვის – ორი კვირის ვადაში ქმნის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.
6. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შეიძლება მოიცავდეს ყველა საგანს ან რომელიმე კონკრეტულ საგანს/საგნებს სსსმ მოსწავლის საჭიროების შესაბამისად.
7. ყოველი სსსმ მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში დეტალურად უნდა განისაზღვროს:
ა) სასწავლო შედეგები, სწავლების სტრატეგიები და სასწავლო (როგორც საკლასო, ისე საშინაო) აქტივობები შერჩეულ საგანში/საგნებში;
ბ) დრო, რომელსაც მასწავლებელი დაუთმობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო შედეგების მიღწევას თითოეულ საგანში;
გ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ჯგუფური/ინდივიდუალური მეცადინეობები, მეცადინეობების გრაფიკი, ადგილი და ხანგრძლივობა;
დ) დამატებით ჯგუფურ/ინდივიდუალურ მეცადინეობებზე პასუხისმგებელი პირი: საგნის მასწავლებელი, მშობელი და/ან სპეციალური მასწავლებელი, საჭიროების შემთხვევაში სხვა სპეციალისტი;
ე) სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი რესურსი (სახელმძღვანელოები და მოსწავლისათვის საჭირო სხვა საგანმანათლებლო/განმავითარებელი რესურსი) და რესურსით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, მათ შორის, მშობელიც;
ვ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ტექნიკური რესურსები.
8. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ბავშვის კოგნიტური, აკადემიური, საგნობრივი კომპეტენციების, ინტერესების, სოციალური, ქცევითი, ემოციური, მოტორული და სხვა სფეროების შესახებ, ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი ისგ ჯგუფი
1. სკოლის ადმინისტრაციის ბრძანებით თითოეული სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესამუშავებლად განისაზღვრება ისგ ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას და ხელს შეუწყობს მის განხორციელებას. ისგ-ის ჯგუფი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ისგ-ს შიდა მონიტორინგში და მასალა წარუდგინოს სკოლის დირექტორს.
2. სკოლის ისგ ჯგუფი შედგება შემდეგი წევრებისაგან:
ა) სსსმ მოსწავლის კლასის დამრიგებელი;
ბ) საგნის მასწავლებლები, რომლებიც უშუალოდ ასწავლიან მოსწავლეს;
გ) სკოლაში ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტი/სპეციალისტები;
დ) სსსმ მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი;
ე) საჭიროების შემთხვევაში მოწვეული სხვა სპეციალისტი.
3. ისგ ჯგუფს უნდა ჰყავდეს კოორდინატორი, რომელიც წარმართავს ჯგუფის წევრების მუშაობას და პასუხისმგებელია ჯგუფის საქმიანობაზე. ჯგუფს ხელმძღვანელობას უწევს დამრიგებელი.
4. ისგ ჯგუფი იკრიბება, სასწავლო წლის განმავლობაში მინიმუმ 4-ჯერ; ისგ ჯგუფის წევრები შეხვედრაზე განიხილავენ სსსმ მოსწავლის მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესს, მის სასწავლო შედეგებს, გამოწვევებს, გამოყენებული სწავლების სტრატეგიების ეფექტურობას, ინდივიდუალური სასწავლო გეგმაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროებას, სწავლებაში ახალი მიდგომებისა და მეთოდების დანერგვის საჭიროებას და აუცილებელ რესურსებს.
5. ისგ ჯგუფის შეხვედრებზე სპეციალური მასწავლებელი/კლასის დამრიგებელი აწარმოებს სხდომის ოქმებს. ყველა სხდომის ოქმი ინახება მოსწავლის პირად საქმეში.
6. სასწავლო წლის დასასრულს, ისგ ჯგუფის წევრი თითოეული მასწავლებელი აფასებს შესაბამის საგანში სსსმ მოსწავლის მიღწევების (ცოდნა, უნარ-ჩვევები) შესაბამისობას ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სასწავლო შედეგებთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ანგარიშს წარუდგენს დირექტორს, პედაგოგიურ საბჭოს და მშობელს.
სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება, დასწრება და გაცდენები
1. სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება ხდება იმავე პრინციპით, როგორც ფასდება ნებისმირი სხვა მოსწავლის აკადემიური მიღწევა. თუ სსსმ მოსწავლე განათლებას იღებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით, ფასდება მის მიერ ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევის დონე. სსსმ მოსწავლე, რომელიც წარმატებით ძლევს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, ფასდება შესაბამისი ქულით.
2. სსსმ მოსწავლისთვის სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულები გამოითვლება იმავე პრინციპით, როგორც სხვა მოსწავლეებისთვის.
3. მულტიდისციპლინური გუნდის წინასწარი დასკვნის საფუძველზე, გამონაკლისის სახით, შესაძლებელია:
ა) სსსმ მოსწავლე გადავიდეს მომდევნო კლასში იმ შემთხვევაში, თუ ის, დასკვნის საფუძველზე, არ ესწრება ერთ ან რამდენიმე საგანს და არ აქვს შეფასება შესაბამის საგანში/საგნებში.
ბ) სსსმ მოსწავლის წლიური ქულა გამოანგარიშდეს საგნის/საგნების ერთი სემესტრის შეფასების საფუძველზე.
4. სსსმ მოსწავლის მიმართ ვრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმის მე-8 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები და ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება ხდება ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად.
5. თუ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულია წლიური გამოცდის ჩატარება და დადგენილია, რომ მას აბარებენ ის სსსმ მოსწავლეებიც, რომლებიც ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლობენ, სკოლამ უნდა უზრუნველყოს საგამოცდო მასალის ადაპტირება – უნდა შეიქმნას ინდივიდუალური საგამოცდო პროგრამა, რომელიც დაეყრდნობა სსსმ მოსწავლის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.
სსსმ მოსწავლეთა შინ სწავლება
1. იმ შემთხვევაში, თუ სსსმ მოსწავლეს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს სკოლაში სიარულის საშუალებას, სკოლა მიმართავს მულტიდისციპლინურ გუნდს, რომლის დასკვნის საფუძველზეც სსსმ მოსწავლე სწავლას განაგრძობს შინ სწავლების ფორმით. ამ შემთხვევაში მოსწავლე ირიცხება სკოლაში, მაგრამ არ ესწრება გაკვეთილებს. სკოლა უდგენს მას ინდივიდუალური სწავლების განრიგს, რომლის მიხედვითაც მოხდება სსსმ მოსწავლის შინ სწავლება.
2. მულტიდისციპლინური გუნდი განსაზღვრავს და სკოლასთან და მშობელთან ათანხმებს სსსმ მოსწავლის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.
3. შინ სწავლების მეთოდით გათვალისწინებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. სკოლა ვალდებულია დაადგინოს განრიგი, რომლის მიხედვითაც სკოლის მიერ განსაზღვრული საგნის მასწავლებელი და საჭიროების შემთხვევაში სპეციალური მასწავლებელი განახორციელებენ სსსმ მოსწავლესთან ვიზიტებს. სკოლამ/ისგ ჯგუფმა უნდა განახორციელოს შინ სწავლების პროცესის მონიტორინგი სკოლის მიერ შერჩეული ფორმატით.
4. შინ სწავლების პროცესში ჩართული უნდა იყოს სსსმ მოსწავლის მშობელი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს ყოველდღიური დავალებების შესრულებაში.
5. შინ სწავლების პროცესში დასაშვებია დისტანციური (ინტერნეტისა და ვიდეოკონფერენციების) სწავლების ფორმის გამოყენება.
6. სსსმ მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში სკოლა უზრუნველყოფს შინ სწავლებაზე მყოფი მოსწავლისათვის შესაბამისი კლასის საათობრივი ბადით განსაზღვრული თითოეული საგნის (გარდა ფიზიკური აღზრდისა) კვირაში მინიმუმ ერთი აკადემიური საათის ოდენობით ჩატარებას.
იმისათვის, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლემ (სსსმ) სკოლაში თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს:
- სკოლა ქმნის სამუშაო ჯგუფს, რომელიც უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლისათვის მიმართულების განსაზღვრას, ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავებას და ხელს შეუწყობს მის განხორციელებას.
- სკოლის კიბეებზე გაკეთებულია პანდუსი, რომლის საშუალებითაც ისინი იოლად შეძლებენ გადაადგილებას და ურთიერთობას თანატოლებთან.
- სსსმ მოსწავლის საჭიროების შესაბამისად, იქმნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა;
- მასწავლებელს, მულტიდისციპლინურ გუნდთან შეთანხმებით, საჭიროებისამებრ, შეეძლება სსსმ მოსწავლეს შეუცვალოს გაკვეთილები ან შეუმციროს რაოდენობა.
- მასწავლებელს შეეძლება საჭიროებისამებრ, შეიმუშაოს ალტერნატიული აქტივობები;
- ცოდნის ხარისხის გაზრდის მიზნით, ჩაუტაროს დამატებითი მეცადინეობა, შეაფასოს ინდივიდუალური მიღწევების მიხედვით;
- სკოლა წაახალისებს მოსწავლეს, ზოგჯერ უბიძგებს კიდეც, გახდეს დამოუკიდებელი, რამდენადაც ეს მისთვის იქნება შესაძლებელი;
- სკოლა ჩამოუყალიბებს მოსწავლეს სხვადასხვა უნარს (კითხვის, წერისა და აზროვნების უნარები, რომელიც დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის არის საჭირო);
- ვიზუალური გზით სწავლებისას გამოყენებული იქნება ნახატმანიპულაციები, (მათემატიკის) დიაგრამები, ილუსტრირებული სახელმძღვანელოები, ვიდეოები, ფორმატები, სლაიდები და სხვა თვალსაჩინოებები;
- გამოყენებული იქნება სხვადასხვა თამაში სოციალური განვითარებისთვის;
- ექნებათ კომპიუტერის გამოყენების საშუალება;
- სსსმ მოსწავლის სწავლების პროცესში აქტიურად იქნება ჩართული სსსმ მოსწავლის მშობელი.